ვინ იქნება რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში “ქართული ოცნების” კანდიდატი

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბნის ათ სოფელში მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი.

„ცესკო-ს გადაწყვეტილებით, გუშინ დაინიშნა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები რუსთავის, გარდაბნის საარჩევნო ოლქში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ბათუმის, გონიო-კვარიათის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. არჩევნები ჩატარდება ზუსტად ორ თვეში, 2 აპრილს.

დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული ორი არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატების დასახელების შესახებ.

რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩვენი კანდიდატი იქნება ირაკლი შატაკიშვილი. ის არის მაღალკვალიფიციური იურისტი, იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კერძო კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.