მეორე დღეა რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს. უკრაინული ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები და იერიშები მიმდინარეობს. ჩრდილოეთიდან კიევზე შეტევას ცდილობენ სახმელეთო ძალებიც.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 25 თებერვალს დილით გამოვიდა უკრაინის მოქალაქეებისადმი ახალი მიმართვით, რომელშიც მათ მოუწოდა, გააგრძელონ რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა.
„ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვაკვირდებიან. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენს ვისმენთ ჩვენს ცასა და მიწაზე, რომ ეს არასაკმარისია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელემიმართვისას.
ზელენსკის თქმით, უკრაინელების სოლიდარობას შეუძლია მათი თავისუფლების დაცვა.
„უკრაინელების ბედი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენ უკან სიმართლეა. ჩვენი ხასიათის განადგურება არ გამოუვათ. ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ „კალიბრის“ რაკეტები უძლურია“, – აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს მაინც მოუწევს მათთან საუბარი იმაზე, როგორ დაასრულონ საბრძოლო მოქმედებები და შეაჩერონ ეს შეჭრა.
„რაც უფრო მალე დაიწყება საუბარი, მით ნაკლები დანაკარგი იქნება თავად რუსეთისთვის“, – აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის ლიდერმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა: „რუსეთის ფედერაციის ძვირფასო მოქალაქეებო, როგორც უკვე ვთქვი, დღეს ღამით დაიწყო გმირი ქალაქ კიევის საცხოვრებელი კვარტალების დაბომბვა. ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს. ყველა მოქალაქე, რომელიც საპროტესტო აქციაზე გამოდის… ჩვენ თქვენ გხედავთ. ეს ნიშნავს, თქვენ ჩვენი შეისმინეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი გჯერათ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, – აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტის თქმით, რუსი სამხედროები ცეცხლს განურჩევლად ხსნიან.
„ასეთი თავდასხმის მიზანი ზეწოლაა. ზეწოლა თქვენზე, ძვირფასო მოქალაქეებო. ზეწოლა მთელ ჩვენს საზოგადოებაზე. ხაზს ვუსვამ –არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ყველა უკრაინელზე. დღეს კიდევ უფრო მეტად, ვიდრე გუშინ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
24 თებერვლის დილიდან რუსეთის არმია დარტყმებს ახორციელებს უკრაინის ტერიტორიაზე. იბომბება უკრაინის დიდი ქალაქები. მიმდინარეობს ბრძოლები დონბასში, ხარკოვის მახლობლად, უკრაინის ჩრდილოეთში.









