შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში 6 პირი დააკავეს, ორ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
მათ ბრალად ედებათ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, გამოძალვა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და დანაშაულის შეუტყობინებლობა.
დანაშაულები 4 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ არსებული ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის გაადვილების მიზნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ტ.-ს და ძალადობის გამოყენების მუქარით მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
გამომძალველები ვ.ტ.-ს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 51 000 ლარს მოტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მან თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული პირი ბრალდებულებმა მეორე დღეს, თანხის გადახდის პირობით გაათავისუფლეს.
ა.ნ., გ.ჭ., რ.ჭ. და ს.ჭ. შეესწრნენ ვ.ტ.-ის მიმართ განხორციელებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინეს.
პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 181-ე, 237-ე, 143-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.









