პარლამენტის არჩევნებისთვის 12 საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა. ცესკო მოუწოდებს ორგანიზაციებს დროულად გაიარონ რესგიტრაცია და აქტიურად დააკვირდნენ საოლქო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას.

როგორც TV4-ს ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განუცხადა, ამ დროის მონაცემებით, რუსთავისა და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიებში არ არის რეგისტრირებული სხვა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია.

“მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, რომ თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში აპირებს დაკვირვებას, რეგისტრირდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.  თუ ორგანიზაცია ერთ ოლქში აპირებს არჩევნებზე დაკვირვებას, მას შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ატარებს რეგისტრაციაში. ამ დროისთვის ცენტრალურ კომისიაში დარეგისტრირებულია ოთხი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. არცერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში არ არის სხვა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია.

ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს მიმართონ 23 მარტის 18:00 საათამდე. მიმართვის შემდეგ, საარჩევნო კომისიაში ხუთი დღის განმავლობაში გადაწყვეტენ რეგისტრაციის საკითხს. საერთაშორისო ორგანიზაციების შემთხვევაში, ისინი ყოველთვის რეგისტრაციას გადიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მათ უფლება აქვთ 28 მარტის 18:00 საათამდე შემოიტანონ განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მედიას, 28 მარტის 18:00 საათამდე აქვთ დრო, მათ შეუძლიათ აკრედიტაცია გაიარონ როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ასევე კონკრეტულ ოლქში აკრედიტაციისთვის მიმართონ საარჩევნო კომისიებს.”- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცესკოს პრესსპიკერის ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადები ამოიწურა საარჩევნო სუბიექტებისთვის. პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიაში სულ 12 საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა.

“პარლამენტის არჩევნებისთვის რეგისტრაციის ვადები დასრულებულია, 6 თებერვალს ამოიწურა ვადები და 12 საარჩევნო სუბიექტია დარეგისტრირებული. ამ 12 საარჩევნო სუბიექტიდან 4 მონაწილეობს როგორც საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ბათუმში ასევე, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში. პარლამენტის არჩევნების შემთხვევაში, პოლიტიკურ სუბიექტებს რეგისტრაციის ვადები ამოეწურათ, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ვადები კიდევ არის და მათ არჩევნებამდე არაუგვიანეს 47 დღისა შეუძლიათ მოგვმართონ. “- განაცხადა ნათია იოსელიანმა.