რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტი – ღარიბაშვილის განმარტება

ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა, ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად მწვანე პასპორტების ფუნქციონირება და მუშაობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეიცვალა მიდგომა, რადგან აზრი დაკარგა მწვანე ბარათის გამოყენებამ და ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულების გაუქმება.

„მინდა, კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ესეც გახდა სპეკულირების საგანი და საფუძველი. დაიწყეს უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება, რატომ გავაუქმეთ ე.წ. მწვანე პასპორტები. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება და მუშაობა. რატომ, ძალიან მარტივია. აზრი დაკარგა აღნიშნული მწვანე ბარათების გამოყენებამ, რადგან იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება, მოგეხსენებათ, რომ „დელტა“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, უმეტესი შემთხვევაა, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ემართება „ომიკრონი“. მე ვარ მაგალითი. მქონდა სხვა შტამი გასულ წელს. ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით და მაინც დამემართა „ომიკრონი“, თუმცა გეტყვით, რომ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, ამ მწვანე ბარათის გამოყენებამ. ამიტომ, ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.