რუსეთის მოქალაქის ცემისა და ძარცვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნეს, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 2004 წელს დაბადებული პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ი.ო.-მ ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს – 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მობილური ტელეფონი გასტაცა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნაძარცვი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ძალადობით ჩადენილ ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.