რუსთავის თეატრის ცისფერ დარბაზში საიუბილეო, 55-ე სეზონის პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენენ.
პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი თეატრის დასი, რუსთავის საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებიან.
პრეზენტაციის ფარგლებში მიმდინარე საიუბილეო სეზონის გეგმებს განიხილავენ.
საიუბილეო სეზონზე რუსთავის თეატრი 136 ღონისძიებას გამართავს. მათ შორისაა 6 სპექტაკლის პრემიერა. დასრულდება თეატრის ე. წ სარდაფის სივრცის – რეაბილიტაცია, სადაც ცოტა ხნის წინ სპექტაკლის ,,მიმძიმს ამაზე საუბარი“ პრემიერა გაიმართა.
ამავე სივრცეში განთავსდება გარდერობი მაყურებლისთვის. გაიხსნება თეატრის მუზეუმი, რომელიც უკვე მრავალი წელია თეატრს არ აქვს.
საიუბილეო სეზონის პირველი პრემიერა – მიუზიკლი ,,კუკარაჩა“ თებერვლის დასაწყისში თეატრის დიდ სცენაზე იგეგმება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც სოსო ნემსაძეა.
მალევე პრემიერით გვიმასპინძლებს კოკო როინიშვილი, რომელიც ო.ჰენრის ნოველების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოგვიდგენს.
საიუბილეო სეზონის ფარგლებში, ზაფხულში რუსთავის თეატრი კომედიური და მუსიკალური სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
საიუბილეო სეზონის მიწურულს თეატრალური კვირეულის ფარგლებში რუსთავის თეატრს რეგიონის თეატრები საკუთარი წარმოდგენებით ესტუმრებიან
. საიუბილეო სეზონს 30 ნოემბერს დასკვნითი კოსტიუმირებული გალა ღონისძიება დაასრულებს, სადაც თავს მოიყრიან რუსთავის თეატრის დამაარსებელი მსახიობები, ამჟანმინდელი და დასის უკვე ყოფილი წევრები, რეჟისორები, მხატვრები და სხვა მოწვეული სტუმრები.