რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის თანამშრომლებს არქიტექტურის სამსახურის ახალი უფროსი- კობა ძლიერიშვილი წარუდგინა და მერიის არქიტექტურული სერვისების სრული რებრენდინგი დააანონსა.

როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რუსთავის მერიაში ახალი მუნიციპალური სერვისების დანერგვის მიზნით მიმდინარე რეფორმა არქიტექტურის სამსახურში დაიწყება.

რუსთავის თანამედროვე ურბანიზაცია, სწრაფი და მოქნილი არქიტექტურული სერვისი, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა, მწვანე ქალაქის კონცეფციის რეალიზება – ეს ის საკითხებია რომელზეც მერიის არქიტექტურის სამსახური იმუშავებს.

ქალაქის ურბანული განვითარების ახალ კონცეფციას, არქიტექტურის სამსახურის უფროსი უახლოეს მომავალში დაგეგმილ პრეზენტაციაზე გააცნობს რუსთაველებს.

 

რუსთავის მერიის ცნობით, კობა ძლიერიშვილი განათლებით არქიტექტორია, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს საერთაშორისო აკადემიის არქიტერქტურის ფაკულტეტი დოქტორის ხარისხით.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად, აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის უკრაინის სამეცნიერო აკაადემიის პრემიის ლაურიატი, დღემდე იყო შპს , ,,ქართველი ხუროთმოძღვრის” დირექტორი.