რუსთავის მერი მცირე ქარხნების წარმომადგენლებს ხვდება

რუსთავში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონის აღსრულების მიზნით, მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მერი ამჯერად ქალაქის საწარმოო ზონაში არსებული მცირე ქარხნების წარმომადგენლებს ხვდება.  ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამართულ შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძე გაჯის და ცემენტის მწარმოებელი ქარხნების ხელმძღვანელი პირებისგან მოუსმენს, რამდენად შეესაბამება საწარმოების საქმიანობა გარემოსდაცვით სტანდარტებს და რა ზომები აქვთ მიღებული ბიზნესის წარმომადგენლების კანონის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მსხვილი წარმოებების გარდა, რუსთავის მიმდებარედ, რამოდენიმე მცირე საწარმოც ფუნქციონირებს.

კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ პარლამენტმა გასული წლის მარტში მიიღო.

კანონის მიხედვით, ყველა მოქმედმა საწარმომ ქარხანა აირმტვერდამჭერი აპარატურით უნდა აღჭურვოს და ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მონიტორინგი ონლაინ, უწყვეტ რეჟიმში აწარმოოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საწარმოს მკაცრი სანქციები დაეკისრება.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგი ნინო ლაცაბიძემ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო.

მონიტორინგის ფარგლებში, უკვე შემოწმებულია ,,რუსელოისის“ მეტალურგიული წარმოება, ,,ჯეო სთილი“ და ,,ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ რუსთავის ქარხანა. მონიტორინგის ფარგლებში რუსთავის საწარმოო ზონაში არსებული ყველა საწარმო შემოწმდება.