სკვერის რეაბილიტაციასა და მედიათეკის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა [ფოტო]

რუსთავში დავით კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის და მედიათეკის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 299 988 ლარია.

მედიათეკა რენდერი

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  რეკრეაციულ სივრცეში იგეგმება საფეხმავლო ბილიკების, პარკინგის, ფანჩატურების, საბავშვო და სპორტული სივრცეების, ტრენაჟორებისა და სთრითბოლის მოედნის მოწყობა. სკვერში მოეწყობა ჭადრაკის მოედანი, სველი წერტილები და ასევე, ზონა ძაღლებისთვის. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ტერიტორიაზე განთავსდება პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

მედიათეკის პროექტზე რუსთავის მერმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა. როგორც ქალაქის პირველმა პირმა 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თითოეული პროექტი ახალგაზრდების ინიციატივების და მოსაზრებების გათვალისწინებით განხორციელდება.