სტოლტენბერგი: შეტევა ერთ ქვეყანაზე, ჩაითვლება შეტევად ყველას წინააღმდეგ

ეს არის დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შეჭრა. მიუხედავად ტყუილისა, დეზინფორმაციისა, კრემლის განზრახვა ნათელია მთელი მსოფლიოსთვის, რუსეთის ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ქმედებებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

„ეს გახლავთ გადამწყვეტი მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის, რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეტევა უკრაინის წინააღმდეგ უდანაშაულო სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს საჰაერო და სარაკეტო შეტევით, სახმელეთო ძალებისა და სპეციალური ძალების შეტევით სხვადასხვა მიმართულებიდან, რომელსაც მიზანში ამოღებული აქვს სამხედრო ინფრასტრუქტურა და ძირითადი ურბანული ცენტრები.

ეს არის დიდი ხნით ადრე დაგეგმილი შეჭრა. მიუხედავად ტყუილისა, დეზინფორმაციისა, კრემლის განზრახვა ნათელია მთელი მსოფლიოსთვის, რუსეთის ლიდერებმა სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ქმედებებისთვის და დაღუპულებისთვის.

ნატო მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ეს გახლავთ უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, აგრესიის აქტი სუვერენული, დამოუკიდებელი და მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ქმედება, გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინიდან და აირჩიოს დიპლომატიის გზა. ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის უფლებას, საკუთარი თავი დაიცვას. რუსეთი იყენებს ძალას, რათა გადაწეროს ისტორია და უარს ამბობს უკრაინისთვის დამოუკიდებელი და თავისუფალი განვითარების გზაზე. ნატო-ს ძირითადი ამოცანა გახლავთ, დაიცვას ყველა მოკავშირე. ანუ, არ არსებობს არასწორი გაგების არავითარი საფუძველი. შეტევა ერთ ქვეყანაზე ჩაითვლება შეტევად ყველას წინააღმდეგ. ეს გახლავთ ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტია“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.