უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან უკრაინელებისადმი მიმართვისას განაცხადა.

“ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას “, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში აფეთქებების ხმა კვლავ ისმის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება მოხდა ოდესის მექანიზირებული ბრიგადის ყაზარმაში. ორი ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა კიევში, ხმა ისმის ასევე კრამატორსკში, ნიკოლაევში, ბერდიანსკში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის თაობაზე მან მოქალაქეებს საგანგებო ტელემიმართვისას აცნობა.

 

„დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. ამასთან დაკავშირებით, გაერო-ს დადგენილების მე-7 ნაწილის, 51-ე მუხლის შესაბამისად, ფედერალური საბჭოსა სანქციით და დონეცკსა და ლუგანსკთან ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად“, – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაემუქრა ყველა ქვეყანას, ვინც კრემლის მოქმედებებისთვის ხელის შეშლას გადაწყვეტს. მისი თქმით, მათ ვინც გადაწყვეტს, რომ რუსეთს ხელი უნდა შეუშალოს ან რაიმე სახის საფრთხე შეუქმნას ქვეყანას და მის ხალხს, უნდა იცოდეს, რომ ოფიციალური მოსკოვის პასუხი მყისიერი იქნება და ისეთ შედეგს მოუტანს ამ ქვეყნებს, რაც მათ საკუთარი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოუცდიათ.