უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მთელს უკრაინაში, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისა – გადაწყვეტილება ახლა რადამ უნდა მიიღოს.
„რა შეიძლება იყოს? ეს იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და ობიექტების დაცვის გაძლიერება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის და ეკონომიკის საარსებო წყაროს. ეს შეიძლება იყოს გარკვეული მოძრაობის შეზღუდვა, შეიძლება იყოს გარკვეული დოკუმენტების შემოწმება. ანუ ეს არის პრევენციული საკითხები, რათა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ იმუშაოს და ჩვენმა ქვეყანამ იმუშაოს“ – განაცხადა დანილოვმა.
UNIAN-ის ცნობით, უკრაინის საზღვრებთან ჯერ კიდევ 200 000-მდე რუსი ჯარისკაცია.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები “მშვიდობის დამყარების მიზნით” შეჰყავთ.
რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციების პაკეტი შეათანხმა ევროკავშირმა, რომელიც მათ შორის რუსეთის დუმის 351 დეპუტატსაც შეეხება. აღიარების გამო, სანქციები ასევე შეეხება 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს. სანქციები გავრცელდება ბანკებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც დონბასში რუსულ ოპერაციებს აფინანსებენ.
რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მაც. როგორც პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, ეს სანქციების პირველი ნაწილია და თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას, ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება.
სანქციები შეეხება ორ ფინანსურ ინსტიტუტზე – VEB და სამხედრო ბანკს. ასევე შავ სიაში მოხვდებიან რუსული ელიტის წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები. გარდა ამისა, რუსეთს შეეხება კანადის, იაპონიისა და ავსტრალიის სანქციები.