შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 2022 წლის დასაწყისში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება დაგეგმეს. დანაშაულებრივმა ქმედებამ 975 530 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“განზრახვის აღსრულებისთვის, შ.ბ.-მ, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის დირექტორია, ფინანსურ ინსტიტუტს მიმართა და პოს-ტერმინალის დადგმა მოითხოვა. მას შემდეგ, რაც შ.ბ.-მ პოს-ტერმინალი მიიღო, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უკანონო მანიპულაციების შედეგად, მასზე გაააქტიურეს ე.წ. პრეავტორიზაციის ფუნქცია.
ბრალდებულებმა, 2022 წლის 27 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, უცხოეთში რეგისტრირებული ბანკის 2 საბანკო პლასტიკური ბარათის გამოყენებით, რომლებზეც არ იყო შესაბამისი თანხები, პოს-ტერმინალზე განახორციელეს 16 სხვადასხვა გადახდა, საერთო ოდენობით 2 314 890 ლარი. უკანონო ტრანზაქციების შემდეგ, ჯგუფის წევრებმა, წინასწარი შეთანხმებისამებრ, დროის უმოკლეს პერიოდში უზრუნველყვეს თანხის ნაწილის საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვა და მათი განაღდება. მათმა დანაშაულებრივმა ქმედებამ 975 530 ლარის მატერიალური ზიანი გამოიწვია.









