1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქე, ვისაც ეს შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში.ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს, დავიწყებთ 1-ელი მარტიდან და ვიწყებთ შრომისუნარიან, სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, მოსარგებლის ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება.
„ამ პროგრამით ისარგებლებენ, 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები. ჩვენი პროგნოზით, სულ დასაქმდება 200 ათასზე მეტი ადამიანი. პირველ ეტაპზე, მუნიციპალიტეტები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა სამინისტროები, ყველანი მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას და ჩვენ შეიძლება წელს 100 ათასზეც გავიდეთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პროგრამას განახორციელებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო და მოსარგებლეს ექნება საშუალება აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევების, გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია.