“რუსთავი ოპოზიციური ქალაქია, საკრებულოც ოპოზიციურია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, პარლამენტში ბადრი ჯაფარიძე, დამატებითი ბერკეტი იქნება იმისთვის, რომ ის დაპირებები, რომელიც გასცა ადგილზე არსებულმა კოალიციურმა ოპოზიციურმა საკრებულომ აღსრულდეს და მხარდაჭერილი იქნას საქართველოს პარლამენტიდან” – ამის შესახებ პარტია “ლელოს” საორგანიზაციო მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა TV4-ს განუცხადა.
“ბრძოლა, რომელიც რუსთავში უნდა დაიწყოს და მიმდინარეობს არის ბრძოლა, რომლითაც როგორც რუსთაველებს, ისე მთელ საქართველოში ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა დავუბრუნოთ რწმენა, რომ ბრძოლას აზრი აქვს, რადგან “ქართული ოცნების” უკანასკნელი პერიოდის ყველა ქმედება აწყობილია იმაზე, რომ დათესოს ნიჰილიზმი და ადამიანებმა დაკარგონ რწმენა პოლიტიკურ პროცესში. პოლიტიკური დევნით როგორც “ლელოს”, ისე სხვა პარტიების მიმართ, ისინი ამას კულტივირებენ. ეს კამპანია, პირველ რიგში, უნდა იყოს ამის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არის კამპანია რუსთავის სამაჟორიტარო ოლქისთვის. რუსთავი ოპოზიციური ქალაქია, საკრებულოც ოპოზიციურია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, ამ შემთხვევაში იმ მასშტაბის დეპუტატი, პარლამენტში ბადრი ჯაფარიძე დამატებითი ბერკეტი იქნება იმისთვის, რომ ის დაპირებები, რომელიც გასცა ადგილზე არსებულმა კოალიციურმა ოპოზიციურმა საკრებულომ აღსრულდეს და მხარდაჭერილი იქნას საქართველოს პარლამენტიდან.”– განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
დათუნაშვილმა პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატს პოლიტიკური და საჯარო წარსული არ აქვს, რაც პოლიტიკაში კარგი არ არის.
“დიახ კანდიდატი, რომელსაც აყენებს “ქართული ოცნება” არის რუსთაველი. სამწუხაროდ, ამ ადამიანს არ აქვს პოლიტიკური წარსული და როდესაც პოლიტიკაში ხარ, პოლიტიკური და საჯარო წარსულის არ ქონა პლიუსი არ არის. ბევრი რამ ამ ადამიანის ბიოგრაფის შესახებ არ ვიცი და როცა საჯარო ბიოგრაფია არ გაქვს, ძნელია ილაპარაკო მის პატიოსნებაზე.
ფაქტია, რომ ბევრი ძალიან კარგი და პატიოსანი ადამიანის მათიკაშვილიზაცია მოხდა მას შემდეგ, რაც მათ კანდიდატურას დაუპირისპირეს პოლიტიკური და საჯარო კარიერა. არ ვისურვებდი, რომ ამ ადამიანის მათიკაშვილიზაცია მოხდეს და ალუდა ღუდუშაურიზაცია მოხდეს, ეს კარგად არ იმოქმედებს მის მომავალზე. ეს არის პრობლემა რომ “ქართული ოცნება” მონურ მორჩილებაში აყენებს კარგ ადამიანებს, შეიძლება კარგ რუსთაველებს და შემდეგ მათგან ქმნის მათიკაშვილებს, ოხანაშვილებს და ღუდუშაურებს, ამიტომ არ მგონია, რომ ეს ის არგუმენტია, რომელიც საპირწონედ დაუდგება, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ბრძოლას, რაც ახლა რუსთავში გაიმართება” – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.









