მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე.

„ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის შიმშილობა არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილი, ასევე პოლიტიკოსები, მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, ჩვენებას 3 მოწმე მისცემს, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.