ნათია შელეგია “ქართულ ოცნებას”: მიიღეთ მონაწილეობა, რომ დაბალანსდეს საკრებულო

საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილის არჩევა – წარმომადგენლობით ორგანოში ახალი მოწვევის საკრებულო მორიგ სხდომას მართავს.

ოპოზიცია საკრებულოში ამბობს, რომ გაზრდილი ბიუჯეტის მხარდასაჭერად, რომლის დასამტკიცებლად მერიამ საკრებულოს მიმართა,  ბიუროს სრულფასოვნად ფუნქციონირებაა საჭირო.

 

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების განცხადებით, იმისთვის, რომ საკრებულომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს,  აუცილებელია, რომ  “ქართულმა ოცნებამ”  თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს.

 

“საკრებულო ვერ იფუნქციონირებს კომისიების და ფრაქციების გარეშე. ბიურომ რომ იფუნქციონიროს, გთავაზობთ მოადგილის თანამდებობაზე დააყენოთ კანდიდატი და თქვენს კანდიდატს მხარს დავუჭერთ და არ დავუჭერთ მხარს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ოღონდ წამოაყენეთ კანდიდატურა და მიიღეთ მონაწილეობა. ასე დაკომპლექტდება ბიურო, შედგება შვიდი ადამიანი, რომელიც აუცილებელია კანონით, ბიუროს გარეშე ვერ იფუნქციონირებს საკრებულო.​ მიიღეთ მონაწილეობა, რომ დაბალანსდეს საკრებულო, შემოიყვანეთ კანდიდატი, სამივემ ვიმუშაოთ ერთად და განვაგრძოთ მუშაობა ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. თანამშრომლობაზე უარი არის უპასუხისმგებლო ამომრჩევლების წინაშე. თქვენ თუ არ წამოაყენებთ კანდიდატს, იძულებული ვიქნებით, რომ მხარი დავუჭიროთ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს.” – განაცხადა საკრებულოს წევრმა პარტიიდან “საქართველოსთვის”, ნათია შელეგიამ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” პოზიციას, მმართველმა გუნდმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა არ დააყენა.

 

“ჩვენ არ ვამბობთ უარს საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე. ჩართულები ვართ კომისიებში, რასაც კანონი გვავალდებულებს და ვასრულებთ ამომრჩევლის ნებას. რასაც ოპოზიცია ამბობს დემაგოგიაა, იგივე წარმატებით შეგვიძლია სხვა რაღაცების თქმა მათი მისამართით. ეს უპასუხისმგებლობაზე ლაპარაკი მათი მხრიდან, ძალიან არასერიოზულია. პირველივე სხდომამ გვაჩვენა, რომ უპასუხისმგებლობის მაღალი დონეა, როდესაც ისინი ადგნენ და წავიდნენ საკრებულოს სხდომიდან.”– განაცხადა საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” მარიკა ლიპარტელიანმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა, რის შემდეგაც კანდიდატების წარდგენა და საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილის არჩევა მოხდება.