რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 7 000 000 ლარით გაიზარდა. გაზრდილი ბიუჯეტი სხვადსხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე გადანაწილდება. ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსთავის მერის თქმით, ბიუჯეტში მობილიზებული დამატებითი 7 მილიონი ლარით განხორციელდება მოსახლეობაზე ორიენტირებული პროექტები, რომელთა დამტკიცების მიზნით, რუსთავის მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა.
ნინო ლაცაბიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო წარდგენილ პროექტებს დროულად დაამტკიცებს და უახლოეს პერიოდში დაიწყება მათი განხორციელება.
“ჩვენ უკვე შევიტანეთ საკრებულოში იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლის განხორციელებასაც შევძლებთ. ძირითადი თანხები მიმართულია ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრებაზე, ასევე საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე. თითოეული პროექტი , რომელიც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და სწორედ ამ შვიდ მილიონ ლარში ვგულისხმობთ, არის მოსახლეობის მოთხოვნა. ჩვენ გვაქვს ყველა დოკუმენტი, სადაც მოსახლეობა ხელმოწერებით ითხოვს აღნიშნული პროექტების განხორციელებას და დიდი იმედი მაქვს, რომ რუსთავის საკრებულო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საშუალებას მოგვცემს. რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელდება.”- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
გაზრდილი თანხები ავარიული სახლების გამაგრება- გაძლიერებას, შიდა ეზოებისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას და გზებისა და ტრორუარების რეაბილიტაციას მოხმარდება. გათვალისწინებულია თანხები ასევე, საცხოვრებელ კორპუსებში შიდა წყალკანალიზაციის სისტემებისა და საბაშვო მოედნების მშენებლობისთვის. გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშოებსა და სტიქიის შეეგად დაზიანებული საცხოვრებელი შენობების სახურავების აღდგენაზე.
“ბიუჯეტი გაიზარდა 7 100 000 ლარით, რაც ძირითადად გადანაწილდა მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილ თანხებზე. თითქმის 1 000 000 ლარი არის გათვალისწინებული ავარიული შენობების გამაგრებაზე, ბავშვების უსაფრთხოებაზეა გაკეთებული აქცენტი და ბაგა-ბაღების რეაბილიტაციისთვის თითქმის 2 200 000 ლარზე მეტია გათვალისწინებული. გათვალისწინებულია სკვერების, გზებისა და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების რეაბილიტაციის თანხები”- განაცხადა რუსთავის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კავთიაშვილმა.