საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. ცესკო-ს ცნობით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოცხადებულ 1 048 ვაკანტურ ადგილზე სულ 1 206 განაცხადი დარეგისტრირდა. მათ შორის, რუსთავის საარჩევნო ოლქში 672 ვაკანტურ ადგილზე 766, გარდაბანში 264 ვაკანტურ ადგილზე – 270 განაცხადი შევიდა.
შეგახსენებთ, 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სულ 131 საარჩევნო უბანი დაკომპლექტდება, მათ შორის 117 რუსთავსა და გარდაბანში.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში 12-15 თებერვალს გაიმართება.
“გვინდა შევახსენოთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და მედიის წარმომადგენლებს, რომ, სხვა უფლებამოსილ პირებთან ერთად, შესაბამის სხდომებზე დასწრების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ აკრედიტაცია/რეგისტრაციის გავლის შემდგომ.
ამ დროისათვის ცესკო-ში რეგისტრირებულია ოთხი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, რაც მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობისათვის“, – აღნიშნულია ცესკო-ს ინფორმაციაში.
ამასთან, ცესკო მიმართავს საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხელი შეუწყონ შესარჩევი კონკურსის კანონმდებლობის შესაბამისად და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარმართვას.









