ჯაფარიძე: ირმა ინაშვილთან ოპოზიციის კონსოლიდაციაზე საუბარი არ ყოფილა

ირმა ინაშვილთან ოპოზიციის კონსოლიდაციაზე საუბარი არ ყოფილა. მან თქვა, რომ არ აყენებენ კანდიდატს რუსთავში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ირმას მოვუყევი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცა ” ქართული ოცნება” ჩემთან მიმართებაში. მას ჟურნალისტიკის პერიოდიდან ვიცნობ. განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმები ხელს არ უნდა გვიშლიდეს ურთიერთობაში ადამიანებს, პოლიტიკოსებს. პაპუაშვილსაც შევხვედრილვარ, კობახიძესაც, ოხანაშვილს და კიდეც შევხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკას ატარებს “ქართული ოცნება”. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა არ გქონდეს ადამიანებთან.

ოპოზიციის კონსოლიდაციაზე ირმა ინაშვილთან საუბარი არ ყოფილა. მან თქვა, რომ არ აყენებენ კანდიდატს რუსთავში. მას მოვუყევი იმ უმსგავსო საქციელზე, როგორც მოიქცა „ქართული ოცნება“ ჩემთან მიმართებაში. ამ პოლიტიკური დევნის დეტალები გავაცანი. მან გარკვევით, თქვა რომ რუსთავში არცერთ კანდიდატს არ უჭერენ მხარს.

მე შეხვედრები მაქვს სხვადასხვა პოლიტიკოსთან და გავაგრძელებ. ხვალ ელჩებს ვხვდები და ეს არანაირ კავშირში არ არის რუსთავში ჩემ კამპანიასთან. ამ დღებში მექნება შეხვედრები, როგორც რუსთავის კამპანიაზე, ასევე ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.