ქვემო ქართლში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს – დღესასწაული 20-დან 24 მარტამდე გრძელდება, ხოლო კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.
მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს. ზუსტი თარიღი, თუ რა დროიდან აღინიშნება ნოვრუზ ბაირამი, ცნობილი არ არის. თუმცა, ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ის ჩვენს ერამდე 505 წელს დაარსდა. მარნეულის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მზადება ოთხი კვირით ადრე, ბუნების ოთხი ძირითადი შემადგენელი ელემენტის აღნიშვნით იწყებოდა.
“ნოვრუზი” – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი “ნოვ”- ახალს, ხოლო მეორე – “რუზ” დღეს ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია. სადღესასწაულო მაგიდას განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა – სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სამი სახის ნამცხვარი: „შაქარბურა“, „გოღალი“ და „ფახლავა“. ასევე იღებება წითლად კვერცხები, რომელსაც ჯეჯილში აწყობენ.
21 მარტამდე, ნოვრუზ ბაირამს ოთხი ჩერშენბე უძღვის წინ ყოველი, კვირის სამშაბათ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების იდენტობის ნაწილია, „ჩერშენბე“ უკავშირდება ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ოთხ სტიქიას: წყალს, ქარს, მიწას და ცეცხლს.
ნოვრუზის დადგომამდე თვის ოთხივე კვირის ოთხშაბათიც მნიშვნელოვანია. მას “უსკუსაც” უწოდებენ. ნოვრუზის დღეს კი, საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის ოჯახები მოინახულონ, თუმცა ნოვრუზის დღესასწაულზე დამწუხრება ცოდვად ითვლება. ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხსა და სხვადასხვა საკვებს ხელმოკლე ოჯახებს უნაწილებენ; ამავდროულად ავადმყოფებსა და ნათესავებსაც მოინახულებენ.
გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ეს დღე არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია.
2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა. 2010 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 მარტი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.
ნოვრუზ ბაირამს რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ულოცავენ ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტები და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.