ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვერსალში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ გაერთიანება უკრაინის მისაღებად მზადაა. მისი თქმით, გმირი უკრაინელი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მიესალმებიან.
„ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს „დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცედურა დაიწყო. ახლა ჩვენი და უკრაინელების გადასაწყვეტია, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირი უკრაინელი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მათ ევროკავშირში მივესალმებით“, – განაცხადა გიტანას ნაუსედა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვერსალში, ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე იმსჯელეს. შეკრება ორდღიანია. შესაბამისად, მსოფლიო ლიდერები უკრაინის საკითხზე მსჯელობას დღესაც განაგრძობენ.
შეხვედრის პირველი დღის ბოლოს ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
ევროპელი ლიდერები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას „არაპროვოცირებულს და გაუმართლებელს“ უწოდებენ და ასევე აკისრებენ სრულ პასუხისმგებლობას რუსეთსა და ბელარუსს.
„ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპებს, ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რუსეთსა და მის თანამზრახველ ბელარუსს ეკისრებათ სრულ პასუხისმგებლობა ამ აგრესიულ ომზე და პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე, მათ შორის თავდასხმებზე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.