შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და ექვსი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა.
ამავე ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი, 1990 წელს დაბადებული, ნასამართლევი მ.ბ. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, გადაჭრილი თოფი – ე.წ. „აბრეზი“ და 9 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კახეთში დააკავეს 1973 წელს ნასამართლევი პირი. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული სამეგრელოში, ზუგდიდში 1964 წელს დაბადებული რ.პ. მისი ავტომობილის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
აბაშის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული დ.მ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავა. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო – ხელყუმბარა და ტროტილის 3 ცალი კოჭა.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.