რა თქვა შს მინისტრმა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველო უკრაინას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად ეხმარება.

„ჩვენ თვითონ ვართ დაზარალებული, რამდენიმე წლის წინ ომი იყო საქართველოში, დავკარგეთ ტერიტორიები. დღეს რუსული ჯარები დგას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვაქვს დიდი დახმარების შესაძლებლობა, როგორც გერმანიას, საფრანგეთს, ევროკავშირის დიდ ქვეყნებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ ყველა რეზოლუციას. ჩვენ მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ უკრაინას“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის საკითხზე, მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის ამ ქმედების მიზეზი გაუგებარია.

„არ მინდა ასეთ თემებში შევიდე. სამწუხაროდ, აქედან გაიწვიეს ელჩი და ბელორუსიში დატოვეს, ესეც გაუგებარია ჩემთვის. ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ. მან თქვა, რომ ამორალური ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი, არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში არ ჯდება.“, – განაცხადა გომელაურმა.

გომალერუმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების სტატისტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში საქართველოში შემოსულია რუსეთის 20 000 მოქალაქე, როდესაც 2019-ში შემოსული იყო 40 000.

“იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოს რაღაც უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში. ეს არ არის მართალი. 2020 წელს დაკეტილი იყო მთლიანად. 2019 წელს და 2021 წელს თუ შევადარებთ, დაახლოებით 70 პროცენტია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.