რუსთავის მუნიციპალიტეტი რუსთავთან დამეგობრებული უკრაინული ქალაქებისთვის დახმარების გასაწევად, ჰუმანიტარულ ტვირთს აგროვებს.
მერიის სარეზერვო ფონდიდან სპეციალურად გამოყოფილი თანხით, კერძო ბიზნესის დახმარებით და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, შეძენილი აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების მობილიზება, რუსთავის მერიაში უკვე მეორე დღეა რაც მიმდინარეობს.
ჰუმანიტარული აქციის დაწყების შესახებ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, განცხადება ორი დღის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და რუსთაველებს, აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
რუსთავს უკრაინის ქალაქებთან: ივანო ფრანკოვსკთან, ჩერკასთან, ხმელნიცკთან, ვინიცასთან, კრივოი როგთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებს. ქალაქის მერიას ხშირი კომუნიკაცია აქვს მათთან და ჰუმანიტარული ტვირთის სახეობაც, მათი საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა.
მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ აქციაში ჩართვის მსურველებმა, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, რუსთავი მერიის საინფორმაციო ნომერზე-13 00-ზე უნდა დარეკონ.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქალაქის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.