გოგი მეშველიანი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობისგან წარმოქმნილ პრობლემებს გაეცნო

პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მუნიციპალიტეტში რთული მეტეოროლოგიური პირობებისგან წარმოქმნილ პრობლემებსა და გაწმენდით სამუშაოებს პირადად გაეცნო.

დიდთოვლობამ რიგი პრობლემები შექმნა ქვემო ქართლში, თუმცა განსაკუთრებულად რთული ვითარებაა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაკეტილი იყო რამდენიმე ათეული სოფელი, თუმცა მეშველიანის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ოცზე მეტი სოფელია გახსნილი.

დარჩენილია ცხრა დასახლებული პუნქტი, სადაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. ამ სოფლებში დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები და მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ამ პრობლემის აღმოფხვრაზეც.

„მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ საკითხების გადაწყვეტაში და განსაკუთრებით სამაშველო სამსახურებს, საგზაო სამსახურებს, რომელთაც მოახერხეს და ბევრ სოფელში ფეხით, თხილამურებით მიიტანეს საკვები პროდუქტები და მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე დაიხარჯნენ.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

გოგი მეშველიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად შეხვდა სოფელ პატარა თონეთის(დვალთის) და საფუძვრების მოსახლეობას. ადგილზე გაეცნო მათ საჭიროებებსა და გაწმენდის სამუშაოებს.

მაჟორიტარის განცხადებით, დიდთოვლობამ გარკვეული პრობლემები შექმნა დმანისის მუნიციპალიტეტშიც. იქაც მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. ინტენსიური რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის ჩაკეტილი სოფელი აღარ არის. ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია. ელექტროენერგიაც მიეწოდებათ.