რუსთავში დიდების მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ცურტაველის ქუჩაზე სკვერის საერეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 556 591 ლარია გათვალისწინებული. წინადადებების მიღება 23 მარტს დაიწყო და 28 რიცხვში უნდა დასრულდეს.
დიდების ხეივანში არსებული სკვერის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია შპს “არიშმა” მოამზადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სკვერში არსებულ ქვაფენილს, მოეწყობა ველობილიკები, აღდგება სკვერში არსებული მემორიალი. იგეგმება 1941-1945 წლების ომში დაღუპულთა მემორიალი-მარადიული ცეცხლის მოწყობა. განთავსდება ახალი სკამები და სანაგვე ურნები. სკვერის შესასვლელები შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული.
შეგახსენებთ, 7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რუსთავის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში ყველა სივრცეს, სადაც გმირთა მემორიალებია განთავსებული, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
“ჩვენს გმირებს ღირსეული პატივი საქმით უნდა მივაგოთ და მომავალ თაობებს ვანახოთ, როგორი მნიშვნელოვანი იყო მათი ღვაწლი ჩვენი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 7 მარტის ღონისძიებაზე.