დმანისში მომხდარი მიწისძვრის შედეგების შემსწავლელი კომისია მუშაობას აგრძელებს

დმანისში, 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი კომისიის წევრები მუშაობას აგრძელებენ.

მიწისძვრის შედეგების შესწავლას აგრძელებს დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომელმაც შენობების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ობიექტური დასკვნა უნდა დადოს.

როგორც დმანისის მერმა, კობა მურადაშვილმა TV4-ს განუცხადა, განთიადის საჯარო სკოლასთან დაკავშირებით დაინიშნა სამხარაულის ექსპერტიზაც, შენობის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს და უახლოეს ხუთ დღეში დაიწერება დასკვნა.

“მიმდინარეობს შესწავლა, განთიადის საჯარო სკოლაში  სამხარაულის ექსპერტიზა დავნიშნეთ, ადგილზე შეისწავლეს, დასკვნას დაწერენ დაახლოებით ხუთ დღეში. რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის ზარალს, 19 სახლია შერჩეული, რომელიც მეტად არის დაზიანებული, პირდაპირი წესით ხელშეკრულება გავუფორმეთ კერძო ექსპერტს, რომელიც მუშაობს, სათითაოდ უნდა დაწეროს დასკვნა. რამდენიმე განცხადებაა ასევე შემოსული სახლებში არსებულ ბზარებზე, ამაზე მუნიციპალიტეტის კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის სამსახური, რომ ზარალი ანაზღაურდეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არის რამდენიმე სახლი, უმეტესობა კომუნისტების დროს აშენებული და გარკვეულ სახლებს ისედაც ჰქონდა ეს ბზარები” – განაცხადა კობა მურადაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს, მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტში, 20-მდე საცხოვრებელი სახლი და განთიადის საჯარო სკოლის შენობა დაზიანდა.