ეკონომიკის მინისტრი ვარაუდობს, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გამყარდება

 ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, საბოლოოდ დასტაბილურდა და რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გამყარდეს.

მისივე თქმით, დღეს ეკონომიკური პარამეტრები ზუსტად ისეთივეა, როგორც რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყებამდე იყო.

„მთელი ეკონომიკური გუნდი მკაფიოდ ვსაუბრობდით, რომ არ არსებობდა ლარის ამგვარი გაუფასურების წინაპირობები. ეს გამოჩნდა კიდეც და მუდმივი კომუნიკაციით ძირითად ბიზნეს-აქტორებთან, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, ანალიტიკოსებთან, მოსახლეობასთან ვაჩვენეთ, რომ რეალურად, პანიკა გადაივლიდა, ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდებოდა და ეს ასეც მოხდა.

დღეს თავისუფალი სავაჭრო კურსი გვაქვს და დავინახეთ, რომ ლარმა სტაბილიზაცია, წონასწორობის წერტილის მონახვა დაიწყო. ვფიქრობთ, რომ დღეს ეკონომიკური პარამეტრები ზუსტად ისეთივეა, როგორც ომის დაწყებისას და ომის წინ. გვახსოვს, რამდენად გამყარებული იყო ლარი. შესაბამისად, ეს პარამეტრები არ არის სახეცვლილი. ამ მომენტისთვის, ობიექტურად, კურსი უნდა იყოს დაახლოებით იგივე წონასწორობის მიდამოებში, რაც იყო ომის დაწყებამდე. შესაბამისად, ეს ყველაფერი იყო პანიკური და ალბათ მოლოდინების ეფექტი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე კოორდინაციით ყველა აქტორთან და მათ შორის. იმ გადაწყვეტილებების აღსრულებით, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო იგივე საფინანსო სანქციების კუთხით, ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და კავშირით პროცესები დასტაბილურდა, დამშვიდდა”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.