მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა ჩერნობილი და იცის, რა მსხვერპლი მოჰყვა ამ მოვლენებს, რუსეთს სურს ამის გამეორება, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„იწვის ევროპის ყველაზე დიდი ატომური სადგური. ახლა რუსები ტანკებიდან ესვრიან ატომურ ბლოკებს. ისინი აღჭურვილები არიან თბოვიზორებით. ამიტომ მათ ზუსტად იციან, სად ურტყამენ. ისინი ამისთვის ემზადებოდნენ. მივმართავ ყველას, ვინც იცის სიტყვა ჩერნობილი, ვინც იცის, რა მსხვერპლი მოჰყვა ამ მოვლენებს, რუსეთს სურს ამის გამეორება, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის. ევროპელებო გაიღვიძეთ. უთხარით თქვენს პოლოტიკოსებს, რუსული ძალები ცეცხლს უხსნიან ატომურ ელექტროსადგურს“,- აცხადებს ზელენსკი.
მისივე თქმით, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ექვსი ენერგობლოკია, ჩერნობილში კი მხოლოდ ერთი აფეთქდა.
„თუ მოხდა აფეთქება. ბოლო მოეღება ყველას. ეს იქნება ევროპის დასასრული. ეს იქნება ევროპის ევაკუაცია. მხოლოდ ევროპის სასწრაფო ქმედებებს შეუძლია, გააჩეროს რუსული სამხედრო ძალები“,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოედანი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის პრესსამსახური ავრცელებს.
ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ელექტროსადგურის ექვსივე ენერგობლოკი მთლიანობას ინარჩუნებს. მათივე თქმით, დაზიანებულია სამშენებლო კონსტრუქციები, თუმცა ენერგობლოკების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები მწყობრშია. რადიაციის ცვლილება არ ფიქსირდება. გააქტიურებულია ანტიკრიზისული შტაბი.
მედიის ცნობით, 4 მარტს, ღამით რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი მოხვდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირველ ენერგობლოკს. გაჩნდა ხანძარი, რომელიც ამაჟამად ლიკვიდირებულია.
თავად ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ სადგურის ტერიტრიაზე შეიჭრნენ კადიროვის მებრძოლები.