თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თანამედროვე აგრო რეგიონის საპილოტე პროექტი განხორციელდება. პროექტის პირველადი შედეგები და კონცეფცია თეთრიწყაროში პარლამენტში უმრავლესობის წევრებმა წარადგინეს. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტისთვის განვითარების კონცეფცია მუშავდება, რომლის განხილვაშიც თეთრიწყაროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მცხოვრებლები და კერძო სექტორი ჩაერთო.
საპილოტე პროექტის პირველადი კვლევის შედეგების პრეზენტაცია ექსპერტმა ზაზა ჭელიძემ გააკეთა, რომელმაც თეთრიწყაროს განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მიმართულებები კვლევის შედეგად გამოიკვეთა და დადგინდა ზოგადი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებამ ბიძგი უნდა მისცეს რეგიონის განვითარებას. პრეზენტაციის შემდეგ, ადგილობრივმა მოსახლეობამ სამუშაო ჯგუფის წევრებს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გააცნო.