თვითმმართველობების წარმომადგენელთა მეშვიდე ეროვნული ასამბლეა გაიმართა

Მუნიციპალიტეტების გაძლიერება და თვითმმართველობის ეფექტური საქმიანობა – ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, თვითმმართველობების წარმომადგენელთა მეშვიდე ეროვნული ასამბლეა გაიმართა.

ღონისძიებაზე ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად თბილისის მერი, კახა კალაძე აირჩიეს.კალაძის განცხადებით, იმუშავებენ, რათა თვითმმართველობების საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს.

„ასამბლეაზე ჩვენ ვიმსჯელებთ ასოციაციის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვის ანდობს ასოციაცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მართვის საკითხებს, რათა ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი, ქმედითი, ხელშესახებ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს და ხელი შეუწყოს თითოეული მუნიციპალიტეტის გაძლიერებას.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით,  თანამშრომლობის შედეგად, ასოციაცია კიდევ ერთ პროექტს იწყებს, რომლის განხორციელება 2023 წლამდე გასტანს. პროექტში ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებიც არის ჩართული. ბოლნისი, დმანისი, მარნეული, თეთრიწყარო და წალკა მონაწილე მუნიციპალიტეტებია.

„საუბარია პროექტზე – „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, რომელშიც დედაქალაქთან ერთად, კიდევ 12 მუნიციპალიტეტია ჩართული. კერძოდ, ჩოხატაურის, ოზურგეთის, წყალტუბოს, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ონისა და ბორჯომის თვითმმართველი ერთეულები. აღნიშნული პროცესი თვითმმართველ ერთეულებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ სოციალური ინკლუზიის, თანაბარი შესაძლებლობებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელონ. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.