კოოპერატივი რუსთავი 17-ის წევრები რუსთავის მერთან შეხვედრას ითხოვენ [ვიდეო]

კოოპერატივი რუსთავი 17-ის წევრები დღეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიკრიბნენ და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.

როგორც კოოპერატივის წევრები აცხადებენ, ისინი დაუსრულებელი ბინათმშენებლობის ვალით დაზარალებულები არიან და 30 წელია ითხოვენ ზარალის ანაზღაურებას.

მათი თქმით, საკითხზე ყველა შესაბამის უწყებებს მიმართეს, მათ შორის წლების განმავლობაში საქმის კურსში იყო ადგილობრივი თვითმმართველობა, თუმცა მათ საკითხზე რეაგირება არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა.

ამხანაგობის წევრები ამბობენ, რომ 90 -იან წლებში დაწყებულ მშენებლობაში თანხა გადაიხადეს, თუმცა მშენებლობა შეწყდა და მას შემდეგ 130-იდან 76 მოსახლეს არც კომპენსაცია აუღია და არც ბინებით დაკმაყოფილებულან.

კ ოოპერატივის წარმომადგენლებს მერიაში ადმინისტრაციის უფროსი და რუსთავის მერის მოადგილე გაესაუბრნენ.

რუსთავის მერის მოადგილის, ოთარ ტატალაშვილის განცხადებით, კოოპერატივის წევრებს მერთან შეხვედრის შესაძლებლობა 6-7 აპრილს ექნებათ.