პროდუქციის მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია, დღესდღეობით ამ მიმართულებით ჩვენ ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
როგორც ოთარ შამუგია ამბობს, ქვეყანაში ჩვეულებრივად შემოდის როგორც შაქარი, ისე ყველა სხვა საჭირო პროდუქტი და მარაგების დეფიციტი არ არის.
„ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, ამის შესახებ არაერთხელ განვაცხადეთ. ჩვენ, ყველამ ერთად ვიხილეთ გარკვეული აჟიოტაჟი შაქართან დაკავშირებით, რაც გამოწვეული იყო მხოლოდ იმით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა აბსოლუტურად არასაჭიროდ განახორციელა შესყიდვები მარაგების შექმნის მიზნით. ქვეყანაში შემოდის როგორც შაქარი, ისე ყველა საჭირო პროდუქტი, პროცესში არანაირი შეფერხება არ არსებობს. მით უმეტეს, შაქარი არ შემოგვაქვს არც რუსეთიდან, არც უკრაინიდან. აქედან გამომდინარე, ამ აჟიოტაჟს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. არც სხვა პროდუქტებთან, ხორბალთან მიმართებით ჩვენ არ ველოდებით რაიმე შეფერხებებს. ჯერჯერობით ქვეყანაში შესაბამისი მარაგები არსებობს როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის. ვაკვირდებით მოვლენებს, მუდმივად ვთანამშრომლობთ ჩვენს კერძო სექტორთან, ბიზნესთან, იმპორტიორებთან და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ შესაბამისი ბაზრების მოძიებისა და კონტაქტების დამყარების პროცესში იმ ბაზრებთან, საიდანაც შესაძლებელია, მომავალში საჭირო გახდეს კონკრეტული პროდუქციის შემოტანა. დღესდღეობით ამ მიმართულებით ჩვენ ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავთ, პროდუქციის მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მარაგების არანაირი შეფერხება არ არსებობს, ეს დაკავშირებულია ისევ და ისევ გაზრდილ შესყიდვებთან. შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში შეფერხებას, რის აღმოფხვრასაც გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, ზოგ მაღაზიაში შესაძლოა, გარკვეული დროით იყოს შეფერხება, თუმცა რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება და ივსება მარაგები. რეალურად, ქვეყანაში მარაგის პრობლემა რომ იყოს, მაშინ შევსება ვერ მოხდებოდა და დეფიციტთან გვექნებოდა საქმე. ჩვენ მუდმივი მონიტორინგი გვაქვს, ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას როგორც არსებული მარაგის შესახებ, ასევე მიწოდების ჯაჭვის შესახებ, თუ რა პროდუქციას ველოდებით. ამ პროცესს ვაკვირდებით ბიზნესთან, იმპორტიორებთან ერთად და ვხედავთ, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი შეფერხებები არ გველოდება და ეს რისკი ნამდვილად არ არსებობს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.