სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“, იმ საწარმოების სიას აქვეყნებს, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2021 წელს შეამოწმა.
ორგანიზაციის “გავიგუდეთ” ინფორმაციით, გასულ წელს სულ 44 საწარმოს 76 ინსპექტირება ჩატარდა, თუმცა როგორც „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშში“ ვკითხულობთ, ადმინისტრაციული მიწერილობა მხოლოდ 9 ობიექტს წარედგინა.
მათივე ცნობით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი, 6 ოქმი დააგროვა მეტალურგიულმა საწარმომ, შპს „რუსთავის ფოლადმა“. საწარმო 18 ივნისს და 26 ნოემბერს არაგეგმიურად შემოწმდა და გამოვლინდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიცაა: წყლის რესურსების დაცვის კანონმდებლობის დარღვევა, ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევა, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ხე-მცენარეების დაზიანება და სხვა.
არაგეგმიური და დოკუმენტური შემოწმება ჩაუტარდა ასევე სს „რუსთავის აზოტსაც“. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენების მართვა არ ხორციელდება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, რის საფუძველზეც, საწარმოს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა. 19 ივლისის დოკუმენტური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმო არ ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას
შპს „ჯეოსთილში“ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ 26 თებერვალს საწარმო არ ასრულებდა ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რაზეც 30 ივნისს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა.
“იმის პასუხად, თუ რატომ წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა მხოლოდ 9 საწარმოს, მაშინ როცა ყველა მათგანი კანონმდებლობის დარღვევით ფუნქციონირებდა, სამინისტროს წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, რომ ადმინისტრაციული მიწერილობა საწარმოს წარედგინება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დარღვევისთვის, ხოლო უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.”- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვრცლად შემოწმებული საწარმოების შესახებ ინფორმაცია ნახეთ ორგანიზაციის “გავიგუდეთ” ვებ-გვერდზე.