“სწორი ურბანული განვითარების შესაძლებლობა, შევინარჩუნოთ ძველი რუსთავი უნიკალური იერსახით და მოდერნიზება და სიახლე შევიტანოთ ახალ რუსთავში”- განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ არქიტექტურის სამსახურის ახალი რეფორმის პრეზენტაციაზე, რომელიც ქალაქის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.
მერია თანამედროვე მუნიციპალური სერვისების დანერგვის მიზნით, მიმდინარე რეფორმას, არქიტექტურის სამსახურშიც იწყებს.
რუსთავის მერის განცხადებით, ბოლო ოთხ წელში რუსთავში ინვესტიციების რაოდენობამ 350 მილიონს გადააჭარბა, რამაც ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
“კერძო ბიზნეს კომპანიების მხრიდან, უკვე ძალიან მაღალია დაინტერესება და შემოვიდა ისეთი საერთაშორისო ბრენდები, რომელიც გვაქვს წარმოდგენილი. ძალიან ხშირად ხდებოდა, რომ შემოვიდოდა ბიზნესი და შემდეგ, სამწუხაროდ, მათი მდგრადი განვითარება აქ ვერ ხდებოდა და იმის გამო, რომ რუსთავის ბაზარი არ იყო შემდეგ მომგებიანი, ტოვებდნენ. დღეს ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ერთი, ჩვენ ვხედავთ ახალი ბიზნესი შემოდის და მეორე მდგრადად ხდება მათი ბიზნესზე დამკვიდრება და ჩვენ, მუნიციპალიტეტი ხელს ვუწყობთ ყველანაირად. 2022 წლის მუნიციპალიტეტის ქონების გეგმა, რომელიც ჩვენ წლის დასაწყისში შევიმუშავეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის ზრდის ნაწილში და ჩვენ ეტაპობრივად ბიზნესისთვის გამოგვაქვს ქალაქში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია სხვადსხვა საინფორმაციო პლატფორმებზე და ინტერესი, მართლაც რომ, მაღალია ბიზნესის ჩვენი ქალაქის მიმართ. აუცილებელია, რომ ამ მზარდ ინტერესს დავხვდეთ მომზადებულები მუნიციპალიტეტში. დავიწყეთ არქიტექტურის სამსახურის რეფორმა. პირველი ეტაპია რამდენიმე ძირითადი მიმართულება, სადაც გვინდა, რომ უფრო ეფექტური, სწრაფი სერვისები შევთავაზოთ დეველოპერებს ქალაქში.”– განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
თანამედროვე ელექტრონული სერვისები, ეკოლოგიური პაკეტები, მწვანე ქალაქის კონცეფცია, რუსთავის განვითარების გენერალური გეგმის ახალი ხედვა, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა – სამასახურის რეფორმის პირველი ეტაპია, რამაც რუსთავის მერის თქმით, სამსახური როგორც სტრუქტურულ ნაწილში, ისე სერვისების კუთხითაც უნდა გააძლიეროს. ასევე, რეფორმამ ქალაქი ქაოსური მშენებლობებისგან უნდა დაიცვას.
თანამედროვე სერვისებს რუსთავის მერია მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მოუყრის თავს, რომლის მშენებლობაც დაწყებულია. ნინო ლაცაბიძე განმარტავს, რომ თავისი ფუნქციით ცენტრი საქართველოში პირველი იქნება და მისი ფუნქციონირება საქმეს გაუმარტივებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.
“სიახლე იქნება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, როლის მშენებლობაც დაწყებული გვაქვს. ეს იქნება პირველი საქართველოში, მუნიციპალური სერვისების თავმოყრა ერთ სივრცეში, სადაც ძალიან მარტივად სწრაფად, ეფექტიან სერვისებს მიიღებენ ჩვენი თანამოქალაქეები. აქაც წარმოდგენილი იქნება, არქიტექტურის სამსახური ყველა იმ სერვისით, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. “-განაცხადა რუსთავის მერმა.
დაჩქარებული სერვისები, ნებართვის გამცემი პირის ცვლილება და ბიუროკრატიული პროცედურების ოპტიმიზაცია – ქალაქის მერია შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, საკანონმდებლო ინიციატივებზეც, რომლებმაც სერვისების დროულად და ეფექტურად მიწოდებას უნდა შეუწყოს ხელი.
“რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გვინდა დავაყენოთ, დაჩქარებული სერვისები, რომელიც თბილისს აქვს და არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს რეგიონში, ეს რუსთავისთვის და სხვა თვითმმართველი ქალაქებისთვის იქნება პირველი და აუცილებელია გავაქტიურდეთ, მზარდია ქალაქებში ინტერესი დეველოპერების, მათი მხრიდან არის მოთხოვნა დაჩქარებული სერვისების. დღგ-ს აღების ბიუროკრატიული პროცედურების ოპტიმიზაციას ვგეგმავთ სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად.საკრებულოსთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩართული და უფრო მოქნილობისთვის აუცილებელია ბიუროკრატიული პროცედურები შემჭიდროვდეს.” – განაცხადა რუსთავის მერმა.
რეფორმა ეკოვალდებულებების აღების პაკეტსაც ითვალისწინებს. მუნიციპალურ დონეზე ეკოპაკეტის შემუშავება ერთ-ერთი მთავარი იქნება, გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებაში.
რეფორმის პრეზენტაციას საკრებულოს ფრაქცია ,ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი , არქიტექტორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ..
პრეზენტაციის სრულად ნახვა შეგიძლიათ TV4-ის ლაივში.