“სწორი ურბანული განვითარების შესაძლებლობა, შევინარჩუნოთ ძველი რუსთავი უნიკალური იერსახით და მოდერნიზება და სიახლე შევიტანოთ ახალ რუსთავში”- განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ არქიტექტურის სამსახურის ახალი რეფორმის პრეზენტაციაზე, რომელიც ქალაქის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა.
მერია თანამედროვე მუნიციპალური სერვისების დანერგვის მიზნით, მიმდინარე რეფორმას, არქიტექტურის სამსახურშიც იწყებს.
რუსთავის მერის განცხადებით, ბოლო ოთხ წელში რუსთავში ინვესტიციების რაოდენობამ 350 მილიონს გადააჭარბა, რამაც ქალაქი განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა.
თანამედროვე სერვისებს რუსთავის მერია მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში მოუყრის თავს, რომლის მშენებლობაც დაწყებულია. ნინო ლაცაბიძე განმარტავს, რომ თავისი ფუნქციით ცენტრი საქართველოში პირველი იქნება და მისი ფუნქციონირება საქმეს გაუმარტივებს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს.
დაჩქარებული სერვისები, ნებართვის გამცემი პირის ცვლილება და ბიუროკრატიული პროცედურების ოპტიმიზაცია – ქალაქის მერია შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, საკანონმდებლო ინიციატივებზეც, რომლებმაც სერვისების დროულად და ეფექტურად მიწოდებას უნდა შეუწყოს ხელი.
“რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გვინდა დავაყენოთ, დაჩქარებული სერვისები, რომელიც თბილისს აქვს და არცერთ მუნიციპალიტეტს არ აქვს რეგიონში, ეს რუსთავისთვის და სხვა თვითმმართველი ქალაქებისთვის იქნება პირველი და აუცილებელია გავაქტიურდეთ, მზარდია ქალაქებში ინტერესი დეველოპერების, მათი მხრიდან არის მოთხოვნა დაჩქარებული სერვისების. დღგ-ს აღების ბიუროკრატიული პროცედურების ოპტიმიზაციას ვგეგმავთ სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთად.საკრებულოსთან ერთად, ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩართული და უფრო მოქნილობისთვის აუცილებელია ბიუროკრატიული პროცედურები შემჭიდროვდეს.” – განაცხადა რუსთავის მერმა.
რეფორმა ეკოვალდებულებების აღების პაკეტსაც ითვალისწინებს. მუნიციპალურ დონეზე ეკოპაკეტის შემუშავება ერთ-ერთი მთავარი იქნება, გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებაში.
რეფორმის პრეზენტაციას საკრებულოს ფრაქცია ,ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი , არქიტექტორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ..
პრეზენტაციის სრულად ნახვა შეგიძლიათ TV4-ის ლაივში.