მიმდინარე წლიდან რუსთავის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციარებს გაუმჯობესებულ, ნუტრიციოლოგების მიერ შედგენილი მენიუს სთავაზობს. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განახლებული მენიუ დღიური კალორაჟის ადრე არსებული 1200 კალორიიდან, 1800 კალორიამდე გაზრდას და მენიუს გამრავალფეროვნებას გულისხმობს.
ნუტრიციოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, დაცულია ის სხვაობაც, რაც ზამთრის და ზაფხულის მენიუებს შორის უნდა იყოს.
რუსთავში არსებულ ოთხივე სოციალურ სასადილოში, უკვე ამოქმედებულია ვიდეოკონტროლი, რაც პროგრამის სრულოფასოვანი მიმდინარეობის მონიტორინგს უფრო ეფექტურს გახდის. სასადილოების მონიტორინგში დღეს პირადად ჩაერთო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
,,ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ სოციალურად დაუცველი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება და პრემიერის ინიციატივა, მათ დასაქმებასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა, პირადად გავაკონტროლებ უფასო სასადილოებს, მანამდე სანამ, ერთი რუსთაველი მაინც ისარგებლებს კვების პროგრამით. ჩვენ, წელს 300 ათასი ლარით გავზარდეთ დაფინანსება, ეს თანხა მთლიანად მენიუს გაუმჯობესებას მოხმარდა და არა ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდას. ნუტრიციოლოგების დასკვნით, დღიური კალორაჟი 1200-დან 1800-მდე გავზარდეთ, გავაუმჯობესეთ არსებული პირობები და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მიმდინარე წლის მარტიდან ოთხივე სასადილოში აღრიცხვის საბარათე ელექტრონული სისტემაც ამუშავდება.
რუსთავის მერიის მინიმალური სასურსათო პროგრამით 2 050 სოციალურად დაუცველი სარგებლობს.
პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი 1 500 000 ლარია, რაც 300 000 ლარით მეტია გასული წლის ბიუჯეტზე.