ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ დღეს განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ფარგლებში, საქართველოს რვა მუნიციპალიტეტი, მათ შორის რუსთავი, მიზნობრივ დახმარებას მიიღებს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იუწყება, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობა მუნიციპალურ განვითარებაში სისტემური მიდგომების დანერგვასა და მდგრადი და ინკლუზიური მოდელების შექმნას მოხმარდება.
ამ პროგრამის ფარგლებში რუსთავი ჩაერთვება მენტორინგისა და სწავლების ინიციატივაში „ურბანული ხედვა“ (Urban Imaginaries). ამის შედეგად მუნიციპალიტეტი შეძლებს 60,000 ევროს ოდენობის სასტარტო დაფინანსების მიღებას ინოვაციური პროექტების განხორციელებისთვის.
ქვემო ქართლის რეგიონიდან კიდევ ერთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი დაფინანსებას უშუალოდ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან მიიღებს. ბოლნისი მუნიციპალური ბიზნეს-მოდელის გაფართოებაზე იმუშავებს.
საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ოთხ ქვეყანაში (ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში) 2021 წელს ჩატარებული რეგიონული კონკურსის შედეგია. საკონკურსო წინადადებები ოთხივე ქვეყნის 300-მა მუნიციპალიტეტმა წარადგინა. აქედან ექვსმა მუნიციპალიტეტმა მიიღო დაფინანსება მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელების შექმნისთვის, ხოლო 14 ჩაერთო ინიციატივაში „ურბანული ხედვა“ (Urban Imaginaries).
„საქართველოს რეგიონებს განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვთ, თუმცა ამ შესაძლებლობების სრულად ათვისება ჯერაც არ ხდება. “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” პროგრამის მეშვეობით, ევროკავშირი ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების განვითარებას პანდემიის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკური და სოციალური წინსვლის ახალი გზების გამონახვას და ევროკავშირის ქვეყნებში დაგროვებული გამოცდილების გაზიარებას“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
„მივესალმებით გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს და წარმატებას ვუსურვებთ მათი ინოვაციური იდეების განხორციელების საქმეში. მუნიციპალიტეტები კომპლექსურ გამოწვევებს უმკლავდებიან და ჩვენი ხელშეწყობაც შემოქმედებით და დინამიურ მიდგომებს უნდა ეყრდნობოდეს. M4EG ქსელი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მის წევრებს, რათა ზრდის ახალი ტრაექტორიები აღმოაჩინონ, მწვანე ეკონომიკისა თუ ციფრული გარდაქმნის რეალობა გაითვალისწინონ და დაფინანსების ახალი შესაძლებლობები მოიძიონ“, – აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.
ინიციატივა M4EG, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, მუნიციპალური განვითარების მიმართ ერთიანი მიდგომის კონცეფციას ეყრდნობა. ეს მიდგომა ცნობილია, როგორც ურთიერთდაკავშირებული ინტერვენციების პორტფელი და ცალკე მდგომი, იზოლირებული პროექტების განხორციელებას გამორიცხავს. ამის მაგივრად, მუნიციპალიტეტები ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სისტემურ გადაწყვეტებს ეძებენ.
ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, M4EG ინიციატივაში ჩართული მუნიციპალიტეტები ახალი თაობის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მუნიციპალურ გეგმებს შექმნიან, სტრატეგიულ აზროვნებასა და მიდგომებს განავითარებენ და ურბანული მდგრადობის გაზრდას შეძლებენ.