კორონავირუსის სტატისტიკის კლების მიუხედავად, ქვეყანაში გარდაცვალების სტატისტიკა მაღალია. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, გარდაცვალების მიზეზი ძირითად შემთხვევებში ქრონიკული დაავადებები და აუცრელობაა.
ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ზოგადი ეპიდვითარება რეგიონში წინა კვირებთან შედარებით, მნიშვნელოვად დასტაბილურდა და დადებითობის მაჩვენებელმა 12%-მდე იკლო.
ამასთან, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ლალი დეკანოსიძე TV4-თან ამბობს, რომ ინფიცირების სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირდა რუსთავშიც.
“ეპიდსიტუაცია რუსთავსა და ქვემო ქართლში დასტაბილურდა, არის დამაკმაყოფილებელი, კონტროლირებადია. ბოლო კვირის განმავლობაში ქვემო ქართლში 545 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა, ჩატარდა 4 435 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 12%-მდე. საუკეთესო მაჩვენებელი 4%-ია, მაგრამ გასულ კვირებთან შედარებით, მნიშვნელოვანი კლება გვაქვს. რუსთავში კვირის განმავლობაში აღირიცხა 274 ახალი შემთხვევა, რაც მნიშვნელოვანი კლებაა”- განაცხადა ლალი დეკანოსიძემ.
რაც შეეხება ვაქცინაციას, მაჩვენებელი დაბალია: ბოლო კვირაში რეგიონში 295 ადამიანი აიცრა, რუსთავში კი მხოლოდ 80-მა ადამიანმა გაიკეთა კოვიდვაქცინა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 294 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.