რუსთავის საკრებულომ ორი კომისიის თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. საკითხი დღის წესრიგით არის გათვალისწინებული და დეპუტატები ამ წუთებში მსჯელობენ. დღეს წარმომადგენლობითი ორგანო ორი კომისიის თავმჯდომარეს აირჩევს.
საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” ვაჟა მორგოშია დაასახელა, ხოლო სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ნანა შატბერაშვილი წარადგინეს.
“ქართული ოცნების” პოზიცია უცვლელია და მმართველი გუნდი საკრებულოში კომისიების თავმჯდომარეობის კანდიდატებს არ ასახელებს.
დღევანდელ სხდომაზე პარტიიდან “საქართველოსთვის” წევრებმა საკრებულოში მმართველი გუნდის დეპუტატებს კანდიდატების დასახელებისკენ მოუწოდეს. საკრებულოს წევრის, ნათია შელეგიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა კომისიების მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ და თავმჯდომარეობის კანდიდატი დაასახელონ.
“იქნებ ამჯერად მაინც წამოაყენოთ კანდიდატები კომისიების თავმჯდომარის კანდიდატურაზე და ვიმუშაოთ ერთობლივად სამივე პარტიამ” – მიმართა ნათია შელეგიამ “ქართული ოცნების” დეპუტატებს.
საკრებულოს წევრები “ქართული ოცნებიდან” აცხადებენ, რომ მათთვის თანამდებობები არ არის მნიშვნელოვანი და კომისიების მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან.
“იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა აღასრულოს ის დაპირებები, რაც გქვონდა, წინაპირობას არ წამოადგენს, რომ გვქონდეს რაიმე თანამდებობა. კომისიებში ვრჩებით, აქტიურად ვიქნებით ჩართული სამუშაო პროცესში. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის სამოქმედო გეგმა, რაც გვქონდა და მოქალაქეების დაპირებები რომ სრულდება, ვიდრე თანამდებობები”- განაცხადა საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” ამირან ჯანჯღავამ.