ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, სოფელ სართიჭალის მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის შემცირების, გადაადგილების გრაფიკის გაზრდის და სტუდენტებისთვის საშეღავათო პირობების დაწესების შესახებ, საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული სამარშრუტო ხაზზე დასაქმებულთა პოზიციებს გაეცნო. ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე, მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით მხარეებმა შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს.
- 4 აპრილიდან მგზავრები ამ ეტაპზე მოქმედი გრაფიკის ნაცვლად, შედარებით ხანგრძლივი პერიოდით, დილის 07:00 საათიდან 20:15 საათამდე ისარგებლებენ.
- საშეღავათო პირობებით შეძლებენ გადაადგილებას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები.
- სართიჭალიდან ლილოს მიმართულებით მგზავრობა იქნება 2 ლარი.
- სრულ მარშრუტზე ფასთა დარეგულირება საწვავის ღირებულების მიხედვით მოხდება, კლება კი მაჩვენებლის ერთკვირიანი დასტაბილურების შემთხვევაში განხორციელდება.
- თუ საწვავის ღირებულება 3,50 ლარით განისაზღვრება, გადაადგილების საფასური 50 თეთრით შემცირდება. 3 ლარის შემთხვევაში კი მგზავრობის ღირებულება ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.
სექტორის წარმომადგენლებმა, მიკრო ავტობუსების მოსაცდელების მოწყობის საჭიროებაზეც ისაუბრეს – გიორგი დოხტურიშვილის განმარტებით, მოქალაქეთა მომსახურების სერვისის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის ლოკაციებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები უახლოეს პერიოდში განხორციელდება.