საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაციის თარიღები ცნობილია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 7 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია ელექტრონულად მიმდინარეობს ვებ-გვერდზე online.naec.ge.

„ელექტრონული რეგისტრაციის დროს მსურველი ირჩევს მხოლოდ საგამოცდო ქალაქს, რომლის შეცვლა 4 აპრილის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. მონაწილემ, რომელსაც სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროება, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოს – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 14 აპრილის 18:00 საათამდე შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) უნდა წარმოადგინოს.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ სტუდენტს შეუძლია, რომლებსაც არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი და სურთ დაფინანსების მოპოვება, ან გაუმჯობესება. თუ სტუდენტი გრანტის გაუმჯობესებას ვერ შეძლებს, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მიღება კი ყველა იმ პირს შეუძლია, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის ხარისხი (ან მოიპოვებენ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე) და სურთ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელება,“ – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე www.naec.ge