სპეცოპერაცია ფონიჭალაში – თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 პირი დააკავეს [ვიდეო]

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და რეგიონებში 17 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რ.რ. ზუგდიდში დააკავეს.

1993 წელს დაბადებული გ.ლ. კი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს.

დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“, „პრეგაბალინის“, „სუბოქსინის“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებთ დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები – 18 135 ლარი და 1600 აშშ დოლარი, ასევე, საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები.

გარდა ნარკორეალიზატორებისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 5 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის, რ.ჩ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 64 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ზ.ზ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ 45 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.