ღარიბაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, გვევალება, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი ანუ კონსტიტუცია- სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა და კითხვებიც მოიხსნება.

„მე, რა თქმა უნდა, არ გავიმეორებ იმას, რაც პოლიტსაბჭოს წერილში იყო განმარტებული, ერთს დავამატებდი, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში, უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, გვევალება, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი ანუ კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი, მაშინ როცა ჩვენ ქვეყანასა და მოსახლეობას ამდენი გამოწვევა და ამდენი პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები თუ ტერიტორიული პრობლემები თუ სხვა რეგიონში მიმდინარე რთული პროცესები, ამ დროს, ასეთ ვითარებაში გვიწევს ჩვენ საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი და ამ ყველაფერს განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი, მინდა ვარაუდი გამოვთქვა, რომ ამ გაურკვევლობასა და გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.