შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდითა და 8 ვაზნით, ასევე, DREISE-ს ფირმის პისტოლეტი, მჭიდითა და 6 ვაზნით.
დაკავებულია ასევე 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 პისტოლეტი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამცხე-ჯავახეთში დაკავებულია 1974 წელს დაბადებული მამაკაცი. ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: კალაშნიკოვის კონსტრუქციის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, შაშხანა, პნევმატური იარაღი, ასევე, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4 მჭიდი და 132 საბრძოლო ვაზნა.
კიდევ ერთი, 1989 წელს დაბადებული პირი დააკავა კახეთის პოლიციამ თელავში. ნივთმტკიცებად ამოღებულია არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანა.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.