გაეზრდებათ თუ არა მოქალაქეებს დენის და გაზის ტარიფი

ევროპაში ნავთობპროდუქტზე და ბუნებრივ აირზე ფასებმა რეკორდულად მოიმატა – სემეკსა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე ფასები ფიქსირებულია.

სემეკსა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ  ძირითად იმპორტიორებთან (თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი) ფიქსირებული სოციალური ტარიფებია,  ხელშეკრულებები კი 2030 წლამდე გრძელდება და ამ დრომდე გადახედვას არ ითვალისწინებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ფონზე რიგით მოქალაქეს გაზი და დენის ღირებულება მნიშვნელოვნად არ უნდა გაეზარდოს.

“ელექტროენერგიის ნაწილში, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ადგილობრივი გენერაცია, 3 მეზობელი ქვეყნიდან ვიღებთ იმპორტს, როგორც რუსეთიდან ისე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.

რომელი ქვეყნიდან როდის რა მოცულობით შემოდის, დამოკიდებულია პირდაპირ ფასებზე. ამ ეტაპზე რაიმე სახის ფასების გაუარესების სიგნალი არ არსებობს, შესაბამისად, ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფზე უარყოფითი გავლენის ფაქტორი არ გვაქვს,” – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია.