ჩვენი შეფასებით და ანალიზით, საქართველოში არაფრის დეფიციტი არ შეიქმნება და ყველა პროდუქტი, რომელიც უკრაინიდან ვერ შემოვა, ჩანაცვლდება სხვა ქვეყნიდან, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არსებობს თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტის მარაგები და შესაბამისად, ქვეყანაში შაქრის დეფიციტი ვერ იქნებოდა.
„როდესაც შაქრის შეძენის პანიკური პროცესი დაიწყო, კომპლექსური მიწოდების ჯაჭვმა ვერ მოახერხა დახლების შევსება და პანიკა ყოველთვის ასეთ ზემოქმედებას ახდენს. გვახსოვს პანდემიის პირველი დღეები, ზუსტად ანალოგიური მოხდა. დღევანდელი მონაცემებით, შაქარზე 3-ჯერ უფრო მეტია მოთხოვნა საცალო ობიექტებიდან, მაშინ, როდესაც შაქრით დატვირთული რამდენიმე ათეული ვაგონი და მრავალი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საზღვრებთანაა და უახლოეს დღეებში უნდა შემოვიდეს, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება ხორბლის იმპორტს, მინისტრის თქმით, ხორბალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასურსათო უსაფრთხოების პროდუქტია და ქვეყანას მუდმივად აქვს მინიმუმ 2 თვის მარაგი. მისივე განცხადებით, საქართველოს ადგილმდებარეობა იმგვარია, რომ ძალიან ბევრ ალტერნატიული მომარაგების წყაროსთან გვაქვს წვდომა ლოგისტიკურად.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, რუსეთიდან გარკვეული სამრეწველო პროდუქტის ექსპორტი აიკრძალა და ეს ჩანაცვლდება ჩინური და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციით.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.









