ნინო ლაცაბიძე – ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევძლოთ სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძესა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორ დავით ტაბიძეს შეხვდა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ილია ჯალაღანიამ, რესურსცენტრისა და ქალაქის საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა.

მთავარი საკითხი საჯარო სკოლებში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტები იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  რუსთავის 25-ე და 26-ე საჯარო სკოლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში სრულად განახლდება წყალ-კანალიზაციის, სახანძრო, გათბობის, ელექტრო მომარაგებისა და ვენტილაციის სისტემები.  რეაბილიტაციის შემდეგ, ორივე სკოლაში ჯამურად 2 500-მდე მოსწავლის მიღება იქნება შესაძლებელი. პროექტების ღირებულება 8 967 052 ლარია.

უახლოეს მომავალში იგეგმება რუსთავის  მე-3, მე-6, 21-ე და შოთა რუსთაველის სახელობის მე-2 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.

ინფორმაციისთვის, 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას ახალი სტანდარტის მიხედვით.

ბოლო 10 წელიწადში, აშენდა 174, ხოლო სრულად რეაბილიტირდა 257 საჯარო სკოლა.